Δευτέρα 31 Αυγούστου 2026

საპატრიარქო გზავნილი საეკლესიო წლის დაწყებისა და ბუნებრივი გარემოსთვის ლოცვის საზეიმო დღეს (1 სექტემბერი, 2026 წ.)

† ბართლომეოსი

წყალობითა ღმრთისათა

მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი

ეკლესიის სისავსეს,

მადლი, მშვიდობა და წყალობა ყოველი ქმნილების შემოქმედისგან, უფლისა და ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესაგან

ყოვლადსამღვდელო ძმანო მღვდელთმთავარნო და უფლის მიერ კურთხეულნო შვილნო,

ყოველივე კეთილის მომნიჭებელი ღმრთის მადლით, დღეს შევდივართ ახალ საეკლესიო წელიწადში და მის დასაწყისს ვეგებებით, ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი ჰიმნებით ვადიდებთ რა ღმერთს და აღვნიშნავთ „ბუნებრივი გარემოს დაცვისათვის ლოცვის დღეს“. 

თანამედროვე ეკოლოგიური კრიზისი, თავისი მრავალგანზომილებიანი ხასიათით, არის ადამიანის თავისუფლების, მისი რელიგიური და ფილოსოფიური ცნობიერების, მისი ეთოსისა და კულტურის კრიზისიც. პირველწყარო აქ არის ჩვენი თავისუფლების „მავნე გარდაქმნა“ — სიცოცხლის წყაროსაგან ჩვენი მოწყვეტა და გაუცხოება; ხოლო ყოველივე ამის შემდგომ შედეგად გვევლინება ბუნებრივი გარემოს დამანგრეველი ქმედება. ღრმა მადლიერებით აღვნიშნავთ, რომ მსოფლიო საპატრიარქოს პიონერულმა ინიციატივებმა და ძალისხმევამ, რომლებიც 1989 წლიდან დღემდე უწყვეტად ხორციელდება, არა მხოლოდ გამოავლინა ეკოლოგიური პრობლემის სულიერი განზომილებები, არამედ ახალი გზები და შესაძლებლობებიც გახსნა მასთან გასამკლავებლად. ეკოლოგიურმა სიმპოზიუმებმა, მათთან დაკავშირებულმა ინტერქრისტიანულმა და რელიგიათაშორისმა დიალოგებმა, ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით დიდი ეკლესიის მიერ შემუშავებულმა კონკრეტულმა რეკომენდაციებმა, ეკოლოგიური კრიზისის სოციალურ განზომილებებსა და შედეგებზე გაკეთებულმა განსაკუთრებულმა აქცენტმა და სხვა მსგავსმა ძალისხმევამ ერთობლიობაში შექმნა გარემოს დაცვის მტკიცე და ყოვლისმომცველი ხედვა, რომელიც ხაზს უსვამს „კოპერნიკისეული გარდატეხის“ აუცილებლობას პროგრესის იდეის ჩვენეულ გაგებაში, კაცობრიობის დამოკიდებულებაში ბუნებისადმი და, შესაბამისად, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების მონაწილეთა, ეკლესიებისა და რელიგიების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების, აგრეთვე მომავალი თაობის აღმზრდელთა მოქმედებაში. 

ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ქრისტეს წმიდა დიდი ეკლესიის ეკოლოგიური ხედვის სიტყვითა და საქმით წარმოჩენას და ქმნილებასთან ევქარისტიული, ასკეტური და დოქსოლოგიური ურთიერთობის ეკოლოგიურად მეგობრული დინამიკის განმტკიცებას, ამასთან ყოველთვის ხაზს გავუსვამთ იმ საფუძვლიანი და გულმოდგინე თეოლოგიური შრომის აუცილებლობას, რომელიც ჩვენი მართლმადიდებლური სარწმუნოებისა და ტრადიციის ჭეშმარიტი ეკოლოგიური გზავნილის ნათელსაყოფად არის საჭირო; იმ ქმნილების საკეთილდღეოდ, რომელიც ღმერთმა „ფრიად კეთილად“ შექმნა. 

დარწმუნებულნი ვართ, რომ ეკოლოგიური საფრთხის რელიგიური და ეთიკური განზომილებების წარმოჩენა ხელს შეუწყობს „ეკოლოგიური პასუხისმგებლობის“ გადამწყვეტი მნიშვნელობის გაცნობიერებას. კაცობრიობამ საბოლოოდ უნდა შეწყვიტოს ისე მოქმედება, თითქოს არაფერი იცის, და ერთხელ და სამუდამოდ უარყოს ილუზია, თითქოს პლანეტა დედამიწას სამუდამოდ შეუძლია გაუძლოს ადამიანური საქმიანობით გამოწვეულ ტვირთსა და განადგურებას, ან თითქოს ბუნებას თავისთავად, ადამიანის ჩარევის გარეშე, შესწევს უნარი აღიდგინოს საკუთარი თავი. ბუნებრივი გარემოს დაცვის პასუხისმგებლობის ეთოსმა გამოხატულება უნდა ჰპოვოს გლობალურ, ეროვნულ, ადგილობრივ და პიროვნულ დონეებზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ: ეკოლოგიური პასუხისმგებლობის აღზრდა კაცობრიობისათვის „კატეგორიული იმპერატივია“, როდესაც იგი უპირისპირდება უდიდეს საფრთხეს, რომლის წინაშეც მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში ოდესმე მდგარა. 

სრულიად ცხადია, რომ მანამ, სანამ ადამიანის შესახებ გაბატონებულ მოდელს სახარებისეული „უგუნური მდიდარი“ წარმოადგენს (ლკ. 12:17–21), რომელიც ამბობს: „დავანგრევ ჩემს ბეღლებს და უფრო დიდებს ავაშენებ; იქ შევკრებ მთელ ჩემს ხორბალსა და მთელ ჩემს დოვლათს“, და კვლავ: „სულო, მრავალი სიკეთე გაქვს დაგროვილი მრავალი წლისათვის; განისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე“, კაცობრიობა კვლავაც ძირს გამოუთხრის საკუთარ მომავალს და გაანადგურებს საკუთარ „სახლს“. „თანამედროვეობის ცოდვებმა“ შექმნა, და კვლავაც ქმნის, ახალი დაყოფები და ნაპრალები ადამიანსა და ბუნებას შორის. თანამედროვე „კაც-ღმერთი“ განაგრძობს გეოციდს, ყოველგვარი ზომისა და საზღვრის უგულებელყოფით, გეოპოლიტიკური მიზნებისა და ეკონომიკური ინტერესების, მომხმარებლობისა და არსებითად დაუოკებელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების სახელით; მაგრამ, უფრო ღრმა დონეზე, ამას განაპირობებს შინაგანი გამოცდილებისა და ღირებულებების გადატრიალებაც. ბუნების მანიპულირების, ინსტრუმენტალიზებისა და ექსპლუატაციის სურვილის გლობალური გაბატონების შედეგები ტრაგიკული აღმოჩნდება ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლისათვის. 

დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს 1 სექტემბრის ბუნებრივი გარემოს დაცვის დღედ აღიარებასა და ოფიციალურად დამკვიდრებას მთელ ქრისტიანულ სამყაროში, როგორც ქრისტიანთა ერთიანობის სიმბოლოსა და მისი პრაქტიკული განმტკიცების საშუალებას. ამასთან, ინდიქტიონის დასაწყისში „ყოველი ქმნილების შემოქმედის“ განდიდება ჩვენი ლიტურგიული ტრადიციის მიხედვით წარმოადგენს ძვირფას მემკვიდრეობას, მოწოდებასა და შეგონებას, პატივი მივაგოთ ქმნილებას, რომელიც ადამიანთა უგუნური თავდასხმის შედეგად იტანჯება. 

პატივცემულო ძმანო და ყოვლადსაყვარელნო შვილნო,

ეკოლოგიური ცივილიზაციის ძირითადი საყრდენებისადმი პატივისცემა ძალუძს შეაკავოს გარემოს დამანგრეველი ტენდენციები და გაგვიხსნას „ერთადერთი ეკოლოგიური გზა“, რომელიც არის მდგრადი განვითარების გზა. უფრო ფართო გაგებით, კაცობრიობამ უნდა მიაღწიოს შეთანხმებას საერთო ფუნდამენტურ ღირებულებათა ერთობლიობაზე, რომელიც კონფლიქტითა და პოლარიზაციით აღბეჭდილ სამყაროში მომავლისაკენ მიმავალ გზაზე ჩვენს კომპასად იქცევა. ამ ღირებულებათა ერთობლიობის ცენტრალურ ღერძად ჩვენ სოლიდარობის პრინციპს მივიჩნევთ: სოლიდარობას, როგორც საერთო პასუხისმგებლობის, დიალოგისა და გულწრფელი ურთიერთპასუხისმგებლობის წყაროს, აგრეთვე ბუნებრივი გარემოს დაცვისათვის კოლექტიური პასუხისმგებლობის საფუძველს. ქრისტიანული პერსპექტივიდან, ადამიანის პიროვნების სიწმიდისადმი პრაქტიკული პატივისცემა და ქმნილების მთლიანობაზე ზრუნვა წარმოადგენს ეკლესიისა და ადამიანის არსებობის ევქარისტიული განხორციელების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გამოვლინებებს, რადგან ადამიანი მოწოდებულია, გახდეს ქმნილების „მღვდელი“. 

ამ სულისკვეთებით, ვლოცულობთ, რათა ახალი საეკლესიო წელი იყოს კეთილი და ნაყოფიერი, ღმრთისათვის სათნო და სასურველი კეთილი საქმეებით აღსავსე. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის, პამაკარისტოსის, მეოხებითა და შუამდგომლობით, რომლის უწმიდეს ხატსაც მოკრძალებით ვუფრთხილდებით საპატრიარქო ტაძარში და რომელსაც „ბაგითა და გულითა და ნებითა“ შევიწყნარებთ, ვითხოვთ თქვენთვის ჩვენი უფლისა და ღმრთისა და მაცხოვრისა იესუ ქრისტეს მადლსა და წყალობას, რომლის ყოვლადწმიდა სახელი კურთხეულ და განდიდებულ იყოს აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

1 სექტემბერი, 2026 წ.

† ბართლომეოს კონსტანტინოპოლელი

ღმრთის წინაშე თქვენთვის მხურვალედ მლოცველი

Δεν υπάρχουν σχόλια:

Δημοσίευση σχολίου

Σημείωση: Μόνο ένα μέλος αυτού του ιστολογίου μπορεί να αναρτήσει σχόλιο.