e-περιοδικό της Ενορίας Μπανάτου εν Ζακύνθω. Ιδιοκτήτης: Πρωτοπρεσβύτερος του Οικουμενικού Θρόνου Παναγιώτης Καποδίστριας (pakapodistrias@gmail.com), υπεύθυνος Γραφείου Τύπου Ι. Μητροπόλεως Ζακύνθου. Οι δημοσιογράφοι δύνανται να αντλούν στοιχεία, αφορώντα σε εκκλησιαστικά δρώμενα της Ζακύνθου, με αναφορά του συνδέσμου των αναδημοσιευόμενων. Η πνευματική ιδιοκτησία προστατεύεται από τον νόμο 2121/1993 και την Διεθνή Σύμβαση της Βέρνης, κυρωμένη από τον νόμο 100/1975.

Τα νεότερα στα θεματικά ένθετα

Παρασκευή 12 Μαρτίου 2021

კატეხეტური სიტყვა წმიდა და დიდი მარხვის დასაწყისისათვის 2021


† ბართლომეოსი
წყალობითა ღმრთისათა
მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა - ახლისა რომისა და მსოფლიო პატრაირქი
ეკლესიას სისავსეს: ჩვენი უფლისა და მხსნელი იესო ქრისტეს მადლი და მშვიდობა, ჩვენს ლოცვასთან, კურთხევასა და მიტევებასთან ერთად, იყოს თქვენ ყოველთა თანა

ყოვლად ღირსეულნო ძმანო და უფლისმიერ კურთხეულნო შვილნო,
ღმრთის კეთილი ნებითა და ყოველი სიკეთის მომნიჭებელი მადლით, ჩვენ შევაბიჯებთ წმიდა და დიდ მარხვაში, ასკეტური ბრძოლების ასპარეზზე. ეკლესიამ უწყის ადამიანის სულის ლაბირინთბი და არიადნეს ძაფი (სინონიმი მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლისა - მთარგმნელი), ყველა ჩიხიდან გამოსავალი: სიმდაბლე, მონანიება, ლოცვის ძალა, სინანულის საღმრთო მსახურებები და მარხვა - ვნებათა გამომრიცხველი, მოთმინება და ღმრთიმოსაობის წესების მორჩილად აღსრულებას. ასე რომ, ეკლესია კიდევ ერთხელ მოგვიწოდებს ღმრთივშთაგონებულ მოგზაურობას, რომლის საზომი ჯვარია და ჰორიზონტი - ქრისტეს აღდგომა.
ჯვრის თაყვანისცემა წმიდა და დიდი მარხვის შუა ნაწილში ცხადყოფს მთლი ამ პერიოდის მნიშვნელობას, რასაც საოცრად ეხმიანება ჩვენი უფლის სიტყვა: „ვისაც სურს შემომიდგეს ... აიღოს თავისი ჯვარი ყოველ დღე და გამომყვეს მე“ (ლკ 9:23). ჩვენ მოწოდებულნი ვართ, ავიღოთ საკუთარი ჯვარი, მივყვეთ უფალს და ვუცქიროთ მის მაცოცხლებელ ჯვარს, იმის გაცნობიერებით, რომ თავად უფალია მხსნელი ჩვენი და არა ჯვრის აღპყრობა. უფლის ჯვარი არის „გამნსჯელი ჩვენი კრიტერიუმებისა“, „განმსჯელი სამყაროსი“, და ამავე დროს აღთქმა იმისა, რომ ბოროტებას, მის ყველა გამოვლინებაში, არ ეკუთვნის საბოლოო სიტყვა ისტორიაში. ქრისტეს ჭვრეტაში, მისი მფარველობის ქვეშ, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიბრძოლოთ, როგორც ის, ვინც აკურთხებს და განაძლიერებს ჩვენს ძალისხმევას, ვიბრძვით კეთილ ბრძოლაში: „ყველანაირად შევიწროვებულნი, მაგრამ არა დათრგუნულნი; შეწუხებულნი, მაგრამ არა სასოწარკვეთილნი; დევნილნი, მაგრამ არა მიუსაფარნი; დამხობილნი, მაგრამ არა დაღუპულნი“ (2 კორ. 4:8-9). ეს არის ჯვრისა და აღდგომის გამოცდილების სრულყოფა ამჟამნიდელი პერიოდის განმავლობაში. ჩვენ მივდივართ აღდგომისკენ ჯვრის საშუალებით, რომლის მეშვეობითაც „სიხარულმა დაიმკვიდრა მთელ მსოფლიოში“.
ალბათ, ზოგიერთ თქვენგანს აინტერესებს, რატომ შეიძლება დაუმატოს ეკლესიამ, ამჟამინდელი პანდემიის ფონზე, უკვე არსებულ ჯანმრთელობის შეზღუდვებს კიდევ ერთი „კარანტინი“, კერძოდ, დიდი მარხვა. მართლაც, დიდი მარხვა ასევე „კარანტინია“, პერიოდი, რომელიც ორმოცი დღის განმავლობაში გრძელდება. ამის მიუხედავად, ეკლესია არ ისახავს მიზნად ჩვენს კიდევ უფრო დასუსტებას, დამატებითი ვალდებულებებითა და აკრძალვებით. პირიქით, ის მოგვიწოდებს, ამ კარანტინს, რომელიც არის შედეგი კორონავირუსისა, დიდი მარხვის მეშვეობით შევძინოთ „სამყაროს საგნების“ მონობისაგან განთავისუფლების მნიშვნელობა.
დღევანდელი სახარების საკითხავი ადგენს ამ გათავისუფლების პირობებს. პირველი პირობაა მარხვა, არა მხოლოდ კონკრეტული საკვებისგან თავის შეკავების მნიშვნელობით, არამედ იმ ჩვევებზე უარის თქმით, რომლებიც სამყაროსთან მიჯაჭვულს გვხდიან. ამგვარი თავშეკავება წარმოადგენს არა სამყაროსადმი ზიზღის გამოხატვას, არამედ აუცილებელ წინაპირობას მასთან ურთიერთობის განახლებისა და სამყაროს, როგორც ქრისტიანული მოწმების სამფლობელოს აღმოჩენის განსაკუთრებული სიხარულის განცდისათვის. სწორედ ამიტომ, მარხვის ამ ეტაპზეც კი, მორწმუნეთა ცხოვრების მიდგომასა და გამოცდილებას აქვს სააღდგომო განზომილება, აღდგომის გემო. „სამარხვო ატმოსფერო“ არა დამთრგუნველი, არამედ სასიხარულოა. ეს არის „დიდი სიხარული“, რომელიც ანგელოზმა მაცხოვრის დაბადებისთანავე „მთელი ხალხისთვის“ სასიხარულო ცნობად გამოაცხადა (ლკ. 2:10). ეს არის ქრისტეს სიცოცხლის ურყევი, „სრული სიხარული“ (1ინ. 1:4). ქრისტე ყოველთვის მკვიდრობს ჩვენს ცხოვრებაში - ის უფრო ახლოს არის ჩვენთან, ვიდრე ჩვენ ვართ საკუთარ თავთან - ჩვენი ცხოვრების თითოეული დღე, „წუთისოფლის აღსასრულამდე“ (მთ. 28:20). ეკლესიის ცხოვრება ურყევი მოწმეა მადლისა, რომელიც მოვიდა, და სამეფოს იმედისა, საღმრთო იკონომიის საიდუმლოს გამოცხადების სისრულისა.
რწმენა არის პასუხი ჩვენდამი ღმერთის სიყვარულისმიერ თანალმობაზე; ეს არის ჩვენი მთელი არსებობის „დიახ“ მისდამი, რომელმაც „მოდრიკა ცა და ჩამოვიდა“, რათა გამოეხსნა კაცობრიობა „მტრის მონობისაგან“ და გაეხსნა გზა ჩვენთვის მადლისმიერი განღმრთობისაკენ. სამსხვერპლო სიყვარული მოყვასისადმი და „ზრუნვა“ მთელი ქმნილებისადმი ამ მადლის ნიჭით არის გამოწვეული და საზრდოობს მისით. თუ სხვებისადმი ეს თანამგრძნობი სიყვარული და ღვთივსათნო ზრუნვა არ არსებობს, მაშინ მოყვასი იქცევა „ჩემ ჯოჯოხეთად“; ქმნილება კი მიტოვებულია ირაციონალურ ძალებზე, რომლებიც მას ექსპლუატაციის ობიექტად და კაცობრიობისათვის მტრულ გარემოდ აქცევს.
დიდი მარხვის მიერ აღთქმული გათავისუფლებისათვის მეორე პირობა არის პატიება. საღმრთო წყალობისა და ღმერთის აღუწერელი სიკეთის დავიწყება, უფლის მცნებათა დარღვევა, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ „მარილი სოფლისა“ და „ნათელი ქვეყნიერებისა“ (მთ. 5:13-14) და ქრისტიანული ცხოვრების ცრუ გარდაქმნა: ყველა ამ დამოკიდებულებას მივყავართ „ჩაკეტილ სულიერებამდე“, რომელიც ხარობს „სხვისი“ და სამყაროს უარყოფით, აქრობს სიყვარულს, პატიებას და განსხვავებულის მიღებას. ამიტომაც, ცხოვრების ეს უნაყოფო და ამპარტავნული წესი მკაფიოდ იგმობა სახარების სიტყვით, მარხვის პირველ სამ კვირას.
ცნობილია, რომ ასეთი უკიდურესობები განსაკუთრებით ვრცელდება იმ პერიოდში, როდესაც ეკლესია თავის მორწმუნეებს სულიერი დისციპლინისა და სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ამასთან, ნამდვილი სულიერი ცხოვრება შინაგანი განახლების გზაა, საკუთარი თავისგან გამოსვლა, სიყვარულისმიერი მოძრაობა მოყვასისკენ. ეს ეფუძნება არა განწმენდისა და მოკვეთის სინდრომებს, არამედ პატიებასა და გამჭრიახობას, დიდებასმეტყვლებასა და მადლიერებას, თანახმად ასკეტური გამოცდილებისა: „ბოროტებაა არა საჭმელი, არამედ გაუმაძღრობა... არა ლაპარაკი, არამედ უქმად მეტყველება... არა სამყარო, არამედ ვნებები.“
ამ დამოკიდებულებით და ამ განწყობებით, განსაკუთრებით ვითხოვთ თქვენს სავედრებელ ლოცვებს, ხალკის თეოლოგიური სასწავლებლის ხელახლა გახსნისათვის, რომელიც გარე ძალათა უსამართლო ნებით აგერ უკვე ორმოცდაათი წელია დუმს. მივესალმებით წმიდა და დიდ მარვას ეკლესიაში, ერთად გალობით „ჩვენთან არს ღმერთი“, რომელსაც ეკუთვნის დიდება და ძალა, უკუნისამდე, ამინ!
წმიდა და დიდი მარხვა 2021
† ბართლომეოს კონსტანტინოპოლელი
მარად თქვენთვის მლოცველი წინაშე ღმრთისა

Δεν υπάρχουν σχόλια: