e-περιοδικό της Ενορίας Μπανάτου εν Ζακύνθω. Ιδιοκτήτης: Πρωτοπρεσβύτερος του Οικουμενικού Θρόνου Παναγιώτης Καποδίστριας (pakapodistrias@gmail.com), υπεύθυνος Γραφείου Τύπου Ι. Μητροπόλεως Ζακύνθου. Οι δημοσιογράφοι δύνανται να αντλούν στοιχεία, αφορώντα σε εκκλησιαστικά δρώμενα της Ζακύνθου, με αναφορά του συνδέσμου των αναδημοσιευόμενων. Η πνευματική ιδιοκτησία προστατεύεται από τον νόμο 2121/1993 και την Διεθνή Σύμβαση της Βέρνης, κυρωμένη από τον νόμο 100/1975.

Τα νεότερα στα θεματικά ένθετα

Δευτέρα 7 Μαρτίου 2022

კატეხეტური სიტყვა წმიდა და დიდი მარხვის დასაწყისისათვის (In Georgian language)

† ბართლომეოსი
წყალობითა ღმრთისათა
მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა - ახლისა რომისა და მსოფლიო პატრაირქი
ეკლესიას სისავსეს: ჩვენი უფლისა და მხსნელი იესო ქრისტეს მადლი და მშვიდობა, ჩვენს ლოცვასთან, კურთხევასა და მიტევებასთან ერთად, იყოს თქვენ ყოველთა თანა
* * *
ყოვლად ღირსეულნო ძმანო და უფლისმიერ კურთხეულნო შვილნო,
ჩვენ ვადიდებთ ღმერთს სამებაში, რომელიც კვლავ მიგვიძღვა ჩვენ, როგორც ეკლესიას, წმიდა და დიდი მარხვის პატივცემული და კურთხეული პერიოდისკენ, ფიზიკური და სულიერი დისციპლინისა და ასკეტური ბრძოლის ასპარეზზე, რათა მოვემზადოთ ქრისტეს მსგავსად, და თავმდაბლობით ვიმოგზაუროთ წმიდა და დიდი კვირისა და უფლის მაცოცხლებელი აღდგომისაკენ.
ასკეტური დისციპლინა, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ წმიდა და დიდი მარხვის თვისება; ეს არ არის მხოლოდ სამონაზვნო საზრუნავი და ვალდებულება; ეს არც ქრისტიანულ ეთიკაზე გარეგანი გავლენის შედეგია, უცხო ელემენტი ჩვენს ღმრთისმოსავ ცხოვრებაში. ასკეტიზმი განეკუთვნება ქრისტიანული ყოფიერებისა და ეკლესიის ცხოვრების ბირთვს. ეს არის ქრისტეს მოწოდება მის მორწმუნეთადმი და მოწმომა მისი მხსნელი არსებობისა ჩვენს ცხოვრებაში. როგორც მორწმუნეები, ჩვენ მივმართავთ არა უპიროვნო ან მიუწვდომელ ღმერთს, არამედ ხორცშესხმულ სიტყვას, რომელმაც გამოავლინა მამა ღმერთის სიყვარული და სულიწმიდის თანაზიარება, მადლისა და თავისუფლების სისავსე. ამ თვალსაზრისით, ღმრთიური კურთხევებითა და განსაკუთრებით ღრმა გამოცდილებით აღსავსე, წმიდა და დიდი მარხვა რჩება მთლიანად საეკლესიო ცხოვრების განძისა და ჭეშმარიტების დინამიურ გამოხატულებად და გამოვლენად.
მორწმუნის ცხოვრებაში არაფერია ფრაგმენტული ან თვითმიზანი. ქრისტეში ცხოვრება არის მთლიანი და განუყოფელი. მონანიება, თავმდაბლობა, ლოცვა, მარხვა, კეთილი საქმეები - ეს ყველაფერი ერთმანეთშია გადაჯაჭვული და მორწმუნეს ეკლესიის ევქარისტიისკენ, სასუფევლის ესქატოლოგიური საიდუმლოსკენ მიმართავს. ასკეტური ბრძოლა არის დასაწყისი, „ვიწრო კარიბჭე“, რომელიც მიგვიყვანს წმიდათა წმიდამდე. ჩვენს ტრადიციაში არასოდეს არსებობს „ასკეტიზმი ასკეტიზმისთვის“. ასკეტური დისციპლინა ყოველთვის მოგზაურობაა; ის სრულდება, როდესაც ის ხდება ეკლესიის ნაწილი, როდესაც მიგვიყვანს წმიდა საიდუმლოს ზიარებამდე, რაც თავის მხრივ გვაერთიანებს ეკლესიის მოძრაობაში სასუფევლისკენ. შეგახსენებთ წმიდა მარიამ ეგვიპტელის მაგალითს, რომელსაც პატივს სცემენ დიდმარხვის მეხუთე კვირას. ორმოცი წლის მკაცრი ასკეტური ბრძოლისა და განუწყვეტელი ლოცვის შემდეგ, იგი ცდილობდა ზიარებოდა ქრისტეს სხეული და სისხლი წმიდა ზოსიმეს ხელიდან, სრული ცოდნით, რომ წმიდა ზიარება არის სიცოცხლის წყარო და წამალი უკვდავებისა. ამავე კუთხით, მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა და დიდი კრება (კრეტა, 2016 წ.), რომელმაც მარხვა აღწერა, როგორც „დიდი სულიერი ღვაწლი“ და „მართლმადიდებელი ეკლესიის ასკეტური იდეალის აბსოლუტური გამოხატულება“, ხაზს უსვამს, რომ „ჭეშმარიტი მარხვა ყველა მორწმუნის ქრისტესმიერ ცხოვრებას განეკუთვნება და გვირგვინდება ღმრთისმსახურებაში მათი თანამონაწილეობით, განსაკუთრებით, საღვთო წმინდა ევქარისტიის საიდუმლოში.“ (მარხვის მნიშვნელობა და მისი შენახვა დღეს, §1 და §3).
არ არსებობს მართლმადიდებელი სულიერება საღმრთო ევქარისტიაში მონაწილეობის გარეშე, რომლის მეშვეობითაც ჩვენ, როგორც მორწმუნეები, ვხდებით ერთი სხეული, ადამიანთა თანაზიარება, ცხოვრების თანამეგობრობა, „საერთო ხსნის“ მონაწილენი ქრისტე მაცხოვარში, რომელიც არის „საერთო სიკეთე“. მაშასადამე, მარხვა არის ეკლესიის წესის, საერთო გამოცდილების დამორჩილება და თაყვანისცემა. წმიდა და დიდი მარხვა არის მოწვევა ჩვენთვის, რომ აღმოვაჩინოთ ეკლესია, როგორც განწმენდისა და სიწმიდის ადგილი და გზა, როგორც საუცხოო ბრწყინვალების, სიცოცხლის სისრულისა და ესქატოლოგიური სასუფევლის სრული სიხარულის მოლოდინი და გამოსახულება. გამოცდილებით და თეოლოგიურად ჩვენთვის შეუძლებელია წმიდა და დიდი მარხვის სულის ჩაწვდომა, თუ მას არ აღვიქვამთ როგორც მოგზაურობას აღდგომისაკენ. მარხვის მთელი პერიოდი ინარჩუნებს ცხოვრების „სააღდგომო აღქმას“. პირქუში და დაღვრემილი ასკეტიზმი ქრისტიანული გამოცდილების გაუკუღმართებაა; ეს არის გარდაუვალი მადლისა და მომავალი სამეფოს იგნორირება; ეს არის ცხოვრება „თითქოს ქრისტე არასოდეს მოსულა“, „მკვდრეთით აღდგომისა“ და „მომავალ საუკუნეში სიცოცხლის“ მოლოდინის გარეშე.
ეს სული იყო აღდგომამდე მარხვის გამოცდილება ადრეულ ეკლესიაში, სადაც ეს იყო დრო, როდესაც კათაკმეველები წმიდა ნათლობისთვის ემზადებოდნენ საღმრთო ლიტურგიის დროს აღდგომის ღამეს. მაშინაც კი, როდესაც, მოგვიანებით, მარხვის ამ პერიოდის კატეხეტური ბუნება შეიცვალა სინანულის ეთოსით, „მონანიების“ გამოცდილება, როგორც „მეორე ნათლობა“, მაინც შენარჩუნდა და რჩება ეგზისტენციალურ განწყობად, რომელიც კიდევ ერთხელ მიგვიყვანს საეკლესიო ცხოვრების სააღდგომო ევქარისტიული სისავსემდე, მამის სახლამდე, სულიწმიდის ზიარებამდე. ამ შემთხვევაშიც „ჯვრის აწევა“ წარმოადგენს გზას აღდგომის უთქმელი სიხარულისკენ.
მთელი ამ დღეების განმავლობაში, უკრაინის ღმრთისმოსავი ხალხი ატარებს საკუთარ მძიმე ჯვარს, რადგან ისინი განიცდიან არაპროვოცირებული, ირაციონალური და მტრული ომის ენით აღუწერელ შეურაცხყოფას, რომელიც განავრცობს ტკივილსა და სიკვდილს. თანატანჯულნი ჩვენს გამოცდილ ძმებთან და შვილებთან ერთად, ჩვენ ვაძლიერებთ ვედრებას წყალობის უფლისა და მშვიდობის ღმერთისადმი, ამ კონფლიქტის დაუყონებლივ შეწყვეტისა და სამართლიანობისა და მშვიდობის გავრცელებისთვის, რომლებიც ღმრთის სასუფევლის გამოსყიდული სიხარულის მოლოდინია.
მართლმადიდებელი სარწმუნოების, ღმრთისმოსაობისა და სულიერების ამ თვითმხსნელ ჭეშმარიტებას ასევე ხაზს უსვამს წმიდა მირონის კურთხევის მოვლენა, რომელსაც ღმრთის მადლით აღვავლენთ ამ წელს, წმიდა ვნების კვირეულზე, ჩვენს წმიდა ცენტრში - საპატრიარქოში. „მირონის ევქარისტიის“ ეს კურთხეული და „ღმრთაებრივად ქმედითი“ ზეთი გადასცემს სულიწმიდის მრავალფეროვან ძღვენსა და დიდძალ მადლს მირონცხების საიდუმლოს მეშვეობით ახლად ნათელღებულ „ზეციურ მოქალაქეზე“ ძალისა და ეკლესიის ცხოვრებაში მონაწილეობისთვის - და უპირველეს ყოვლისა, წმიდა ზიარების საიდუმლოთა - ისევე როგორც სამყაროში ღმრთივშთაგონებული ყოფნისა და ჩვენში არსებული მადლისა და იმედის ნიჭის მოწმობისთვის. სულიწმიდის, როგორც „ზიარების ძალის“ ხასიათი ასევე გამოიხატება იმით, რომ წმიდა მირონი მზადდება ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ შეთავაზებული ინგრედიენტების დუღილით, აგრეთვე მისი კურთხევა ხორციელდება ევქარისტიული კრების ფარგლებში, დაუყოვნებლივ წმიდა ძღვენის კურთხევის შემდეგ. წმიდა მირონი სხვა საეკლესიო დანიშნულებითაც გამოიყენება, როგორიცაა არამართლმადიდებელის მირონცხება, ფუნქციადაკარგულ მართლმადიდებელ ეკლესიაში შესვლისას, ეკლესიების, წმიდა ტრაპეზის, ოდიკისა და სხვათა კურთხევისას.
ამ გრძნობებით, ვლოცულობთ, რათა მარხვის ასპარეზი მშვიდი აღმოჩნდეს და ჩვენი მოგზაურობა უფლის აღდგომისაკენ დაუბრკოლებელი იყოს, მოვიხმობთ თქვენზე – ჩვენს ყველაზე პატივცემულ ძმებზე ქრისტეში და კონსტანტინოპოლის დედაეკლესიის საყვარელ შვილებზე მთელ მსოფლიოში – ჩვენი ქრისტე ღმერთის მაცოცხლებელი მადლსა და დიდ წყალობას, რომელიც მარად აკურთხებს თავისი ხალხის ასკეტურ მიღწევებს.
წმიდა და დიდი მარხვა 2022
† ბართლომეოს კონსტანტინოპოლელი
მარად თქვენთვის მლოცველი წინაშე ღმრთისა

 

Δεν υπάρχουν σχόλια: