e-περιοδικό της Ενορίας Μπανάτου εν Ζακύνθω. Ιδιοκτήτης: Πρωτοπρεσβύτερος του Οικουμενικού Θρόνου Παναγιώτης Καποδίστριας (pakapodistrias@gmail.com), υπεύθυνος Γραφείου Τύπου Ι. Μητροπόλεως Ζακύνθου. Οι δημοσιογράφοι δύνανται να αντλούν στοιχεία, αφορώντα σε εκκλησιαστικά δρώμενα της Ζακύνθου, με αναφορά του συνδέσμου των αναδημοσιευόμενων. Η πνευματική ιδιοκτησία προστατεύεται από τον νόμο 2121/1993 και την Διεθνή Σύμβαση της Βέρνης, κυρωμένη από τον νόμο 100/1975.

Τα νεότερα στα θεματικά ένθετα

Κυριακή 17 Μαρτίου 2024

სამოძღვრო სიტყვა წმიდა და დიდი მარხვის დაწყებისათვის (2024)

✠ ბართლომეოსი

წყალობითა ღმრთისათა

მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა – ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი

ეკლესიას სისავსეს: ჩვენი უფლისა და მხსნელის იესო ქრისტეს მადლი და მშვიდობა, ჩვენს ლოცვასთან, კურთხევასა და მიტევებასთან ერთად, იყოს თქვენ ყოველთა თანა

 

ყოვლად ღირსნო ძმანო იერარქნო და უფლისმიერ კურთხეულნო შვილნო,

ჩვენი სიყვარულის ღმერთის მადლმა კიდევ ერთხელ ღირს-გვყო, შევაბიჯოთ დიდმარხვის სამსაგალობლის სულისსარგებელ დროით მონაკვეთში და მივეახლოთ წმიდა და დიდ მარხვას – ზეციური საჩუქრებით, ჯვრისა და აღდგომის სიხარულით სავსე ასკეტური ბრძოლის ასპარეზს. დროის ამ კურთხეულ მონაკვეთში სიცხადით ვლინდება საეკლესიო ცხოვრების სულიერი საგანძური და სიცხოველე, მისი ყოველი გამოხატულების გამომხსნელობითი მიმართება. 

უკვე მრავალი შევიმეცნეთ ფარისევლის უძრაობიდან და თვითკმაყოფილი ამპარტავნებიდან, უძღები ძის იგავის უფროსი ვაჟის უნაყოფო ზნეობრიობიდან და განკითხვის დღისას დაგმობილთა გულქვაობიდან, რომლებმაც არ შეიმჩნიეს „მცირე ძმათაგანის“ შიმშილი, წყურვილი, სიუცხოვე, სიშიშვლე, ავადმყოფობა და საპყრობილეში დატყვევება. მეტიც, სიმდაბლის, სინანულის, მიტევებისა და წყალობის ფასეულობა და ძალა განგვეცხადა იმ დამოკიდებულებებად, რომელთა აღორძინებისაკენ ეკლესია ხაზგასმით მოგვიწოდებს იმ დროში, რომელიც იხსნება ჩვენ წინაშე.

წმიდა და დიდი მარხვა სულიერი, შინაგანი და ხორციელი განწმენდისა და მწყობრში მოყვანის მისასალმებელი დროა; როგორც ახლა მოვისმინეთ სახარების საკითხავში, ეს არის მარხვით მოგზაურობის, ჩვენი დებისა და ძმების მიტევების ჟამი, რომელიც არ უნდა წარემართოს „სხვათა სახილველად“, „რამეთუ უკეთუ მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქვენცა მამამან თქვენმან ზეცათამან“ (მათე 6:14). ყველაფრის შემდგომ, ეს არის, რასაც ყოველდღიურად ვაღმსარებლობთ საუფლო ლოცვით, როდესაც ვამბობთ: „ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“ (მათე 6:12). 

გუშინ, ყველიერის შაბათს, ეკლესიამ პატივით მოიხსენია ასკეტურ ცხოვრებაში გაბრწყინვებული მამანი და დედანი. წმიდანები მორწმუნეთათვის არა მხოლოდ ქრისტეში ცხოვრების კეთილი ბრძოლისა და ქრისტესმიერი ცხოვრების მაგალითები არიან, არამედ მარხვის, სინანულისა და სიმდაბლის ასკეტურ გზაზე ჩვენი სვლის თანამგზავრები, მეგობრები და მხარდამჭერები არიან. ჩვენს მცდელობაში არ ვართ მარტონი, არამედ გვყავს ღმერთი, რომელიც გვამხნვებს და გვაკურთხებს; ჩვენს გვერდითვე დგანან წმინდანები და მოწამეები და მათ შორის უპირველესი, დედა ღმრთისა, რომელიც მვედრებელია ჩვენთვის უფლის წინაშე. სიწმინდე საღმრთო მადლის ძალისა და ადამიანის ეკლესიაში სინერგიის მოწმობაა, რომელიც წმიდა საიდუმლოებებში მონაწილეობით წარიმართება და საღმრთო მცნებებით სრულიქმნება. არ არსებობს „უმიზეზო ღმრთისმოსაობა“ და „მარტივი ქრისტიანობა“, ისევე, როგორც არ არსებობს ზეციური სამეფოსაკენ მიმავალი „ვრცელი ბჭე“ ან „ფართო გზა“ (შდრ. მათე 7:13 –14). 

ეკლესია მუდამ შეგვახსენებს, რომ გამოხსნა არა ინდივიდუალური, არამედ საზოგადო წესრიგია. ღმრთივდაცულ წმიდა და დიდმარხვისას, მორწმუნეთა სულიერი ცხოვრებისთვის ცხადდება კრებულის ცხოვრებაში – ქრისტიანულ ოჯახსა და სამრევლოში, ან სხვაგან, სამონასტრო გაერთიანებაში – თანამონაწილეობის განსაზღვრული მნიშვნელობა. გვსურს, გამოვყოთ ქრისტიანული ოჯახის, როგორც ცხოვრების კრებულის, დანიშნულება დიდმარხვის სულიერების გამოსაცდელად. ჩვენი წინამორბედი წმინდანთა შორის, იოანე ოქროპირი, ოჯახს ახასიათებდა „მცირე ეკლესიად“ [1]. მართლაც, ოჯახში ხდება ჩვენი არსებობის ეკლესიად ამოქმედება; იქ ვითარდება ადამიანული ცხოვრების საზოგადოებრივი და საერთო მახასიათებლები და ქრისტეში ცხოვრება, ისევე, როგორც სიყვარული, ურთიერთპატივისცემა და სოლიდარობა; იქ გამოიცდება ცხოვრება და თანაცხოვრების სიხარული საღმრთო ძღვნად.

მარხვის საეკლესიოს წეს-ჩვეულების ოჯახის კონტექსტში გამოყენების წამოწყება ცხადჰყოფს ასკეტური ცხოვრების მადლისმიერ განზომილებას; სახელდობრ, რწმენას, რომ ყოველივე, რაც ჭეშმარიტი, პატივსაცემი და მართალია ჩვენ ცხოვრებაში, ზემოდან გვეძლევა; ჩვენი თანამშრომლობისა და წვლილის მიუხედავად, ეს ყველაფერი ადამიანურად შეუძლებელი და მიუღწევადია. ყველაფრის შემდგომ, საერთო ცხოვრება, ურთიერთსიყვარული, რომელიც სათავისოდ არ მიისწრაფვის და მიტევების სათნოება, არ ტოვებენ ადგილს ადამიანის უფლებების სწრაფვისა და თვითკმაყოფისათვის. „საერთო თავისუფლების“ სულისა და ევქარისტიული ასკეტიზმის ამგვარი გამოხატულება სწორედაც მარხვის, ქველმოქმედებისა და ეკლესიის სამრევლო და საღმრთისმსახურო ცხოვრებაში მონაწილეობის განუყრელი კავშირია. ქრისტიანულ ოჯახში ამგვარი „სამარხვო სულისკვეთებით“ ცხოვრებას მივყავართ საეკლესიო გამოცდილებაში ჭეშმარიტების სიღრმისაკენ; ეს არის ქრისტიანული მოწმობის დასაბამი და წყარო ჩვენს სეკულარიზებულ თანამედროვე მსოფლიოში.

ძმანო და შვილებო, ვილოცოთ, რათა საღმრთო შემართებით ვიმოგზაუროთ წმიდა და დიდი მარხვის გზაზე, ლოცვით, მარხვითა და სინანულით; მშვიდობის მიღწევით ჩვენში და ერთმანეთს შორის, ცხოვრების გაზიარებითა და ჩვენი თავის წარმოჩენით, ვიყოთ „მეზობელნი“ მათთვის, ვისაც ესაჭიროება საქველმოქმედო საქმეები; მიტევებით ერთმანეთისადმი და ყველა გარემოებაში ზეცათა ზემოთ მყოფი მოწყალე ღმრთის სახელის დიდებით, ვედრებით მისადმი, რათა ღირსი გაგვხადოს მივეახლოთ წმიდა და დიდ კვირას განწმენდილი გონებით, მისი დიდებული აღდგომის სიხარულითა და აღტაცებით თაყვანისცემის.

წმიდა და დიდი მარხვა 2024

✠ ბართლომეოს კონსტანტინოპოლელი

ყოველთათვის მხურვალედ მთხოვნელი წინაშე ღმრთისა

______

[1] კომენტარი ეფესელთა მიმართ ეპისტოლეზე 20, PG 62.143. 

______

ფოტო: ნიკოლაოს პაპახრისტუ

 

Δεν υπάρχουν σχόλια: