† ბართლომეოსი
წყალობითა ღმრთისათა
მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა – ახლისა რომისა და მსოფლიო პატრაირქი
ყოველსა სავსებასა ეკლესიისა
ჩვენი უფლისა და მხსნელი იესო ქრისტეს მადლი და მშვიდობა, ჩვენს ლოცვასთან, კურთხევასა და მიტევებასთან ერთად, იყოს თქვენ ყოველთა თანა
ყოვლად ღირსეულნო ძმანო მღვდელმთმთავარნო და უფლისმიერ კურთხეულნო შვილნო,
საღმრთო გრძნობით აღვსილნი, კვლავ შევდივართ, ღმრთის კეთილი ნებისამებრ, წმიდა და დიდი მარხვის ასკეტური ბრძოლის ასპარეზზე — მარხვისა და სინანულის, სიმდაბლისა და ლოცვის, სულიერი სიფხიზლისა და სიყვარულის ჟამში; გულის თვალნი მივაპყარით უფლის ცხოველმყოფელ ჯვარს, რომელიც ყოველსა გვიძღვის წმიდა პასექისაკენ, რათა კაცობრიობისათვის სამოთხის კარიბჭენი გაიღოს.
ეს კურთხეული პერიოდი, რომელიც ახლა გვეხსნება, გვაძლევს შესაძლებლობას კვლავ შევიცნოთ ქრისტესმიერი ასკეზის ჭეშმარიტება და მისი განუყოფელი კავშირი ეკლესიის ევქარისტიულ განხორციელებასთან, რომლის ყოველი გამოვლინება და განზომილება აღდგომის ნათლითა და სიხარულით არის გაბრწყინებული. ასკეტიზმის სული არ არის ქრისტიანობაში გარედან შემოტანილი უცხო ელემენტი და არც ეკლესიის გარეთ არსებული დუალისტური იდეოლოგიების გავლენის შედეგი. ასკეზა არის სხვა სახელი ქრისტიანული არსებობისა, რომელიც მას უკავშირებს საღმრთო განგებულებისადმი სრულ ნდობას, ქრისტესთვის შეწირული ცხოვრების ულევ სულიერ სიხარულს, თვითგადალახვასა და თავგანწირვას, ქველმოქმედებით სიყვარულსა და ყოველთა ქმნილებათა პატივისცემას.
ასკეტიზმი არ არის თვითნებური არჩევანებისა და სუბიექტური თავისებურებების საქმე, არამედ მორჩილება ეკლესიის წესსა და მის „კათოლიკე გამოცდილებას“. იგი დახასიათებულია როგორც „საეკლესიო“ და არა „ინდივიდუალური“ მოვლენა. ეკლესიაში ცხოვრება განუყოფელია. სინანული, ლოცვა, სიმდაბლე, მიტევება, მარხვა და ქველმოქმედებითი საქმეები ურთიერთდაკავშირებულია და ერთმანეთშია გადახლართული. მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციაში არ არსებობს ასკეზა როგორც თვითმიზანი, რადგან ეს მხოლოდ ინდივიდუალური ძალისხმევის გადაჭარბებულ შეფასებამდე მიჰყავს ადამიანი და თვითგამართლების მიდრეკილებებს კვებავს.
დიდი მარხვა არის შესაფერისი დრო ეკლესიის გამოცდილებისათვის, როგორც იმ ადგილისა და წესისა, სადაც საღმრთო მადლის ნიჭები ცხადდება, მუდამ როგორც უფლის აღდგომის სიხარულის წინასწარი გემო, ჩვენი სარწმუნოების ქვაკუთხედი და „ჩვენში მყოფი სასოების“ ყოვლადბრწყინვალე ჰორიზონტი. საღმრთო შთაგონებით ეკლესია ყველიერის შაბათს პატივს მიაგებს ასკეზაში გაბრწყინებულ წმიდა მამათა და დედათა ხსოვნას, ვინაიდან ისინი არიან მორწმუნეთა შემწენი და თანამგზავრნი ასკეტური გზის ხანგრძლივ სვლაში. სულიერი ბრძოლის ასპარეზზე ჩვენთანაა ყოვლადწმიდა სამების კეთილგანწყობა, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისა და ჩვენი ყველას დედის მფარველობა, და სარწმუნოების წმინდანთა და მოწამეთა მეოხება.
ჯანსაღი ქრისტიანული ასკეზა არის მთელი ადამიანის – სულის, სამშვინველისა და სხეულის ერთობის – მონაწილეობა ქრისტეში ცხოვრებაში, მატერიისა და სხეულის დაუკნინებლად და სულიერების მანიქეველური შემცირების გარეშე. როგორც დაწერილია, ქრისტიანული ასკეზა საბოლოოდ არის ბრძოლა „არა სხეულის წინააღმდეგ, არამედ სხეულისათვის“; როგორც გერონტიკონი ადასტურებს: „გვასწავლეს არა სხეულის მოსპობა, არამედ ვნებათა მოკვდინება.“
სამწუხაროდ და მცდარად, თანამედროვე მოაზროვნეთა მიერ ქრისტიანული ასკეზა ხანდახან მონათლულია როგორც სიცოცხლის სიხარულის უარყოფა და ადამიანური შემოქმედების შეზღუდვა. ჭეშმარიტებასთან ამაზე შორს მდგომი არაფერია! „ქონის“ და ნივთებზე მიჯაჭვულობისგან გათავისუფლება, და განსაკუთრებით ეგოსაგან, „საკუთარის ძიებისაგან“ და „ყოფიერების ფლობის“ ილუზიისაგან განთავისუფლება, ასკეზა არის ნამდვილი თავისუფლების წყარო და გამოხატულება.
რა შეიძლება იყოს უფრო ჭეშმარიტი, ვიდრე „ინდივიდუალური უფლების“ ტყვეობიდან გამოსვლა და მოყვასისადმი გახსნილობა და სიყვარული, შინაგანი „კეთილი შეცვლა“ და ღმრთის მცნებათა აღსრულებაში სიმტკიცე? რა შეიძლება იყოს უფრო შემოქმედებითი, ვიდრე მარხვა, როდესაც იგი არის ცხოვრების ყოვლისმომცველი დამოკიდებულება და გამოხატავს ეკლესიის ასკეტურ და ევქარისტიულ სულს, როდესაც იგი არის „საერთო ბრძოლა“ და არა „ინდივიდუალური გმირობა“? რა შეიძლება იყოს არსებობითად უფრო შემძვრელი, ვიდრე სინანული და შინაგანი მოქცევა, როგორც ჭეშმარიტებისკენ მიმართული სასიცოცხლო ორიენტაცია და საღმრთო მადლის ძალის, ქრისტეში ცხოვრების სიღრმისა და საუკუნო სიცოცხლის სასოების ხელახალი აღმოჩენა?
მართლაც შთამბეჭდავია, რომ როდესაც წმიდა და დიდი მარხვის ადრექრისტიანული ხასიათი, როგორც აღდგომის საღმრთო ლიტურგიაში წმიდა ნათლისღებისათვის მომზადების პერიოდი, შეიცვალა „სინანულის ეთოსით“, მაინც შენარჩუნდა მისი გამოცდილება როგორც „მეორე ნათლისღებისა“. ამ მიზეზით მარხვისა და სინანულის პერიოდი არ არის მწუხარებით სავსე. ჩვენი საგალობლები საუბრობენ „მარხვის გაზაფხულზე“, ხოლო ღმრთისმეტყველება დიდ მარხვას უწოდებს „სულიერ გაზაფხულს“ და „სიხარულისა და ნათლის პერიოდს“. ყოველივე ეს განსაკუთრებულ აქტუალურობასა და მნიშვნელობას იძენს ჩვენი დროის ანთროპოლოგიური არეულობისა და თანამედროვე ცივილიზაციაში ფესვგადგმული ახალი გაუცხოების წინაშე.
ამ გრძნობებითა და აზრებით, შევახსენებთ ქრისტეს წმიდა დიდი ეკლესიის შვილებს უფლის სამფლობელოს ყოველ კუთხეში, რომ აკათისტოსის (დაუჯდომელი) საგალობლის დღეს ზეიმი მიაღწევს კულმინაციას — 626 წლის 1400 წლისთავის აღსანიშნავად, როდესაც ქალაქის სახიფათო ალყისაგან ხსნისათვის ღმრთისმშობლისადმი მადლიერების ნიშნად სადიდებელი საგალობელი დაუჯდომლად იგალობეს ვლაქერნის წმიდა ტაძარში, და გისურვებთ ყველას მშვიდ და კურთხეულ სვლას მარხვაში, ასკეზითა და მოთმინებით, მადლიერებითა და დიდებითმეტყველებით.
დაე, ყველა, სიყვარულით წარმოვთქვამდეთ ჭეშმარიტებას და უფალში განწმედილნი, ვიაროთ ამ გზით მისი ბრწყინვალე აღდგომის სიხარულის სისავსისაკენ.
წმიდა და დიდი მარხვა 2026
† ბართლომეოს კონსტანტინოპოლელი
მარად თქვენთვის მლოცველი წინაშე ღმრთისა

Δεν υπάρχουν σχόλια:
Δημοσίευση σχολίου